ევროპაში სახელმწიფოს ხერხემალი და მთავარი მოქმედი პირი სამოქალაქო საზოგადოებაა, აი, ეს არის მისაღწევი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი შეუფასებელია.
"რა არის ამ პროცესში მნიშვნელოვანი თქვენი მონაწილეობა? ალბათ იმიტომაც, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის ევროპული ინტეგრაციის მხოლოდ ინსტრუმენტი და მგონი არც იმდენად ინსტრუმენტია. სამოქალაქო საზოგადოება არის ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიზანი, ამოცანა და საბოლოო შედეგი, რასაც გვინდა, რომ მივაღწიოთ. ანუ ის შედეგი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება აქტიური, განათლებული, თავისუფალი მოქალაქეა - ის არის სახელმწიფოს ხერხემალიც, საძირკველიც, მიზანიც, ამოცანაც და მთავარი მოქმედი პირიც სახელმწიფოში. აი, ეს არის მისაღწევი, ეს არის პირველ რიგში ევროპა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმ ყოფით სარგებელზე ფიქრი, რაც უნდა მიიღოს ჩვენმა ბიზნესმა, მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა. ამ თვალსაზრისით, არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი არის სრულიად შეუფასებელი და ძალიან მნიშვნელოვანი", - მიმართა დავით უსუფაშვილმა ფორუმის მონაწილეებს.