ხელისუფლება ქონებაწართმეულ ბიზნესმენებს კომპენსაციას ჰპირდება

ხელისუფლება ქონებაწართმეულ ბიზნესმენებს კომპენსაციას ჰპირდება

წინა ხელისუფლების დროს ქონებადაკარგულ ბიზნესმენებს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას და დაკარგული ქონების დაბრუნებას უახლოეს მომავალში პირდება.

დაზარალებული ბიზნესმენების ნაწილი ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და თუ ვერ იქნება მიღწეული ის, რომ დამნაშავეებმა დაზარალებულებს ქონება დაუბრუნონ, მაშინ სახელმწიფომ თავად უნდა მოახდინოს კომპენსაციის გაცემა.

ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით პრობლემის გადაჭრის გზებზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პროკურატურამ ყველა იმ საჩივრის იდენტიფიცირება დაასრულა, სადაც იყო პრეტენზია იძულებით ნაჩუქრობაზე, იძულებით მიყიდვაზე. საქმეები კატეგორიებად დაიყო. შეფასდა, რა ოდენობის ზიანზეა საუბარი, იძულებით გადაცემული თუ მიყიდული ქონებიდან რამდენია სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, რამდენია გასხვისებული. ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ითქვას, თუ რას და რამდენს „მოერევა“ სახელმწიფო. 

ახლა კი, პარლამენტარის თქმით, უნდა დაიწყოს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის სამართლებრივი შესწავლა-გამოძიება იმის დასადგენად, მაგალითად, კონკრეტულ პირს აიძულეს თუ არა ქონების სიმბოლურ ფასად ვინმესთვის მიყიდვა, რაც სახელმწიფოს არ გადასცემია. ასეთ შემთხვევაში ქონებრივი დავა შეიძლება ორ სუბიექტს შორის იყოს, მაგრამ ის, ვინც აიძულა, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. 

„თუ გაიძულეს, რომ ქონება სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაგეცათ, სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს მის მიმართ, ვინც ეს გაიძულათ. აქ უკვე ქონებრივი დავა კონკრეტულ პირსა და სახელმწიფოს შორის იქნება და თუ ქონება დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია, შეიძლება დაბრუნდეს. თუ სახელმწიფოს ასეთი ქონება გაასხვისა და დადგინდა, რომ ჩუქება იძულებით იყო განხორციელებული, მაშინ სახელმწიფომ ზიანი უნდა აანაზღაუროს. ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს. მოხდა ამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, იყო გეგმაზე საუბარი. შეხვედრა ნაყოფიერი იყო", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

„კომერსანტი“ იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებსაც აღნიშნული სიახლე უშუალოდ ეხება. 

ნავთობკომპანია “მაგნატის" ყოფილი მფლობელი ჯემალ ლეონიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ მას მიმდინარე წლის განმავლობაში საქმის დასრულების იმედი აქვს.

მისი თქმით, ეს ხელისუფლების ნებაა, ამიტომ იმედი აქვს, რომ მისი მოთხოვნა სამართლებრივად განიხილება და სათანადო შედეგები დადგება.

ლეონიძის ინფორმაციით, „მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დამთავრებულია და მთავარია, პროკურატურამ ის დაზარალებულად სცნოს. სწორედ ამიტომ გაჭიანურდა საქმის გამოძიება. 

ლეონიძე ამბობს, რომ მისი და სხვა მსგავსი საქმეების გაჭიანურების მიზეზი ისაა, რომ ძალოვან  სტრუქტურებში და პროკურატურაში მრავლად იყვნენ ის ადამიანები, რომელთა ინტერესში არ შედიოდა ამ საქმეების დამთავრება. ამიტომ ზოგი საქმე ისე „გააფუჭეს“, რომ ხელახლაა გამოსაძიებელი, ზოგი კი დააკონსერვეს და თაროზე შემოდეს. 

ახლა კი, როგორც დაზარალებული ბიზნესმენი ამბობს, მას საქმის ბოლომდე მიყვანის იმედი მიეცა. ჯემალ ლეონიძის განცხადებით, რომელი ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, არ შეიძლება ეს საქმეები გაჩერებული იყოს და დაზარალებული სტატუსის გარეშე რჩებოდეს.

ამასთან, „მაგნატის“ საქმე სტრასბურგის სასამართლოშია, რაც ლეონიძეს იმედს კიდევ უფრო უმყარებს. იგი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის ბოლომდე აღდგენას და იმას, რომ დამნაშავემ დაზარალებულს წართმეული ქონება დაუბრუნოს, თავად სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ზარალის ანაზღაურება.

ჯემალ ლეონიძის თქმით, ის არ მიეკუთვნება ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თუნდაც ერთი ლარის სიმბოლური კომპენსაციით დაკმაყოფილდებიან. „მაგნატის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებამ მას არაფერი დაუტოვა – მათ შორის არც სახლი და არც ავტომობილი– და ამიტომ დაკარგული ქონების დაბრუნებას ითხოვს.

ჯემალ ლეონიძის განცხადებით,  2009 წელს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ბრალი თაღლითობაში დაედო და დააპატიმრეს, ხოლო მისი ქონება იმდროინდელ ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი პირების ხელში აღმოჩნდა. მისი თქმით, საპატიმრო პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა, თუმცა მისი ყველა ბენზინგასამართი სადგური „გალფის“ ხელში გადავიდა.  

კიდევ ერთი დაზარალებული ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა რეალისტურია, თუმცა გამომდინარე წინა წლების პრაქტიკიდან, როდესაც ამ მიმართულებით გაჟღერებულ ინიციატივებს შედეგი არ მოჰყვა, ის პროკურატურის აქტივობებსაც სკეპტიკურად უყურებს. ამასთან, ამბობს, რომ თუკი ხელისუფლებაში პოლიტიკური ნება მართლაც გაჩნდა, სავსებით შესაძლებელია დაზარალებული ადამიანების დაკმაყოფილება. ბეგიაშვილის თქმით, პოტენციური კომპენსაციების მოცულობა არ არის მასშტაბური, და მილიარდებზე საუბარი არ მიდის. 

„ჩემს საქმეში იდენტიფიცირებულია 90 მოხელე.  არსებობს საპროცესო შეთანხმებები და სხვა იურიდიული ფორმები, რომლითაც ადამიანი თავისუფლდება ან უმცირდება პასუხისმგებლობა და ის გასცემს კომპენსაციას დაზარალებულის სასარგებლოდ. ამ დროს სახელმწიფოს ხარჯი მინიმალურია...“ – აცხადებს ბეგიაშვილი და ამბობს, რომ ჩამორთმეული ქონებები „შორს არ წასულა“ და ან ოფშორებზე ან ნათესავებზეა გადაფორმებული, არ არსებობს კეთილსინდისიერი შემძენის ცნებაც, რადგან ყველამ იცოდა, ვის ქონებას ყიდულობდა. შესაბამისად, ბეგიაშვილი ამბობს, რომ კვალიფიციური გამოძიების შემთხვევაში, წართმეული ქონების დაბრუნება რეალისტურია.

ბეგიაშვილს ჭავჭავაძის 44-ში მდებარე კომპანია „ალბატროსი“ 2011 წელს ჩამოართვეს. ბიზნესმენის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის, საგადასახადო დავალიანებისა და ქონების ჩამორთმევის მუხლებით იყო აღძრული.

ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ბოლოს  შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პროკურატურა თებერვლისთვის სამართლიანობის აღდგენის და წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის გეგმას წარმოადგენს.

2013 წლის სექტემბერში, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ექსპერტებთან შეხვედრაზე, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ  „ჩვენ შეიძლება საზოგადოებას განვითარებას პერსპექტივა დავუკარგოთ, თუ ამ ვალებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ნებისმიერი ფორმით.“ მაშინდელი პრემიერის განცხადებით, საერთო თანხა 6–7 მილიარდია, თანაც, შემთხვევათა მინიმუმ 90 %–ში სახელმწიფოა მონაწილე და გამტარი. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეს არის ყველაზე რთული და მასობრივი პრობლემა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესში.

„გასაგებია, რომ სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს და აღადგინოს სამართლიანობა. მაგრამ სახელმწიფო ეკუთვნის არა მხოლოდ იმ ნაწილ ხალხს, ვინც კონკრეტულად დაზარალებულია. არამედ მთელ საზოგადოებას, და ჩვენ შეიძლება საზოგადოებას განვითარებას პერსპექტივა დავუკარგოთ, თუ ამ ვალებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ნებისმიერი ფორმით,“ – განაცხადა პრემიერმა ექსპერტებთან შეხვედრაზე.

„კომერსანტი“ ცდილობს, პარლამენტიდან მოიპოვოს ინფორმაცია, დათვლილია თუ არა სახელმწიფოს პოტენციური ხარჯები, რომელიც დაზარალებული მოქალაქეებისთვის ქონების დაბრუნებისთვის იქნება საჭირო.