"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაა თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომელთა დიდი ნაკადი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.
"ბოლო რამდენიმე კვირაა თავდაცვის სამინისტროში გაშვების დიდი ნაკადი დაიწყო. მე, ზოგადად, თავს ვარიდებ ჩემი შემცვლელისა და გუნდის კომენტირებაზე, მაგრამ რაც ბოლო პერიოდში ხდება, ეს თავდაცვის უწყებას აზიანებს", - აღნიშნა ალასანიამ და დასძინა, რომ უწყებიდან რამდენიმე პირის გათავისუფლება მოხდა, რომელთაც განათლება დასავლეთში ჰქონდათ მიღებული და ისინი იმ რეფორმის განუყოფელი ნაწილი იყვნენ, რომელიც ნატო-მ მოიწონა.
"ეს რა თქმა უნდა, ეჭვებს ბადებს. ეს გულს გვწყვეტს ყველას, რადგან დაწყებული საქმე უფრო უნდა გაეგრძელებინათ. რაც მათი გადმოსახედიდან გასაკეთებელი იყო, ის დაეწყოთ ახლიდან, მაგრამ რაც მიღწეული შედეგი იყო, უნდა გაეგრძელებინათ. მინისტრმა როდესაც პირველად იყო ჩასული ბრიუსელში, აღნიშნა, რომ ის იღებდა იმ მოცემულობას, რომ ბევრი რამ გაკეთდა და ამას გააგრძელებდა, მაგრამ სიტყვა ერთია და საქმე აბსოლუტურად სხვანაირადაა. შემდეგ დაიწყო ასევე ვიღაცის ახლობლობისა და ნაცნობობის გამო, ადამიანების სამსახურებიდან გაშვება. ეს კარგს არ მოუტანს არც თავდაცვის უწყებას და არც ერთ საჯარო სამსახურს. ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ საჯარო სამსახურში ხალხი არ უნდა იცვლებოდეს, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირები იცვლებიან. ეს უნდა დავამკვიდროთ. ჩვენ მივაღწიეთ თავდაცვის სამინისტროს დეპოლიტაზაციას და ეს ამ პროცესს უკან შეაქცევს", - განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე - თავდაცვის სამინისტოდან თუ გაუთავისუფლებიათ ვინმე, ირაკლი ალასანიასთან მეგობრობის გამო, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, არის ასეთი ნიშნები, რაც ძალიან სამწუხაროა.
"მინდა დაგიდასტუროთ, რომ ასეთი ფაქტები არაერთი და ორია. როდესაც ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ამ უწყებაში მუშაობს და მას შენ ასეთი ნიშნით ათავისუფლებ, ეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანის გათავისუფლებაა. მე ამას ვადასტურებ და ეს არის ჩემი ხედვა", - განაცხადა ალასანიამ.