"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ვალერი ზუმბაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ადეკვატურად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ყველა ის საკითხი, რაზეც ზუმბაძის მიმართ შეკითხვა არსებობს, "უნდა გაირკვეს".
როგორც ჩიქოვანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უკვე მიმართა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს თხოვნით, რომ პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაიბარონ.
"სწორი არ იყო ის ნაბიჯი, როდესაც ეს ადამიანი, ვის მიმართაც მძიმე საკითხებთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, თანამდებობაზე დაინიშნა. უკვე მივმართე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მოვითხოვე, რომ თავდაცვის სამინისტრომ გააკეთოს განცხადება, როგორ აპირებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. გადაწყვეტილება, რომელიც ზუმბაძის მიერ იქნა მიღებული, ადეკვატურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაირკვეს, გამოძიებულ იქნას და საზოგადოებისთვის ერთხელ და სამუდამოდ თვალსაჩინო გახდეს გარკვეული საკითხის რეალური ასავალ-დასავალი, თუმცა, რა თქმა უნდა, მე არ ვარღვევ არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დეპუტატის განმარტებით, გარკვეულ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან კითხვები არსებობს.
"ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ გენინსპექციაში, არამედ სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვა უწყებებში მომუშავე ადამიანების დანიშვნებთან. არიან პირები, რომელთა წარსული უკავშირდება ისეთი ხმაურიანი საქმეების გამოძიებას, რომლებიც საზოგადოებაში, არასამთავრობო სექტორსა თუ პოლიტიკურ ძალებში ძალიან ნეგატიურ შეფასებას ტოვებს თუნდაც თეთრაძის საქმე", - აღნიშნა დეპუტატმა.
ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს პარლამენტში მიიწვევენ.
"შევთანხმდით, რომ მოვიწვევთ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც გააკეთებენ განმარტებებს ყველა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზუმბაძემ დღეს განცხადება გაავრცელა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ვალერი ზუმბაძე ე.წ. ჯაშუშებისა და სხვა საქმეების გამყალბებელი და ფალსიფიკატორია". ზუმბაძე ბოლოს თავდაცვის სამინისტროში მუშობდა.