ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე წარმატების მაგალითი ვიყოთ

ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე წარმატების მაგალითი ვიყოთ

ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარვსდგეთ და წარმატების მაგალითი ვიყოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე ყურადღება გაამახვილა.

"უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც სრულფასოვანი ათვისება სჭირდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე იმყოფება.

"აქტიურად ვემზადებით მაისში რიგაში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის. ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, ვიყოთ წარმატების მაგალითი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ერთობლივი განცხადებების გაკეთებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის ოქმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.