პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, აღნიშნული პოსტისთვის შემუშავებული კრიტერიუმი, მათ შორის პარტიული გავლენისგან თავისუფლება, ძალაში რჩება.
რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, ამის გათვალისწინებით აქვს თუ არა შანსი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს, კვერენჩხილაძის განმარტებით, ამას ჯერ ვერავინ იტყვის.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების ეტაპი დასრულდა. წარმოდგენილია 36 კანდიდატი, აქედან 8 კანდიდატმა უარი განაცხადა მისი კანდიდატურის განხილვაზე. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებობს 28 კანდიდატის სია. დღეიდან პირობითად მეორე ეტაპი იწყება, რომელიც გულისხმობს შემდეგს: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობოების ფართო ნაწილის მიერ შემუშავდა“, - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევა მოხდება კანონის მიერ დადგენილი ცენზების შესაბამისად და 1 კანდიდატურა დასახელდება არაუგვიანეს 23 თებერვლისა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელიც პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების გარდა, გულისხმობს პროფესიონალიზმს, მენეჯერულ თვისებებს და პრინციპულობას, კვერენჩხილაძის განმარტებით, პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით შემუშავდა.