საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები და უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მხარეებმა საქართველო-უნგრეთს შორის პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე უსაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ 2014 წლიდან ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, რამაც საგრძნობლად გაზარდა ტურისტთა რაოდენობა და გაამარტივა მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.
ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობაში სფეროში უნგრეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებს. ქართული მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდამჭერია.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც განიხილეს. გამოითქვა შეშფოთება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ “სამოკავშირეო ხელშეკრულებების“ გაფორმების გამო, რაც საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.