საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი პორტალის პრეზენტაცია გამართა, რომლის საშუალებითაც მსურველებს საქართველოში შემოსვლისთვის მოკლევადიანი ვიზის აღება ელექტრონულად შეეძლებათ.
www.eviza.gov.ge უკვე ამოქმედებულია, რომელზეც სავიზო განაცხადის რეგისტრაციისას, ვიზის მიღების მსურველი 3 საფეხურს გადის.
1. არეგისტრირებს სავიზო განაცხადს. 2. ახორციელებს ონლაინ გადახდას და 3. ბეჭდავს ელექტრონულ ვიზას.
რეგისტრაციის ბოლოს კი, აპლიკაციისას მითიტებულ ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკანტს მიუვა წერილი, სადაც კიდევ ერთხელ იქნება გაფრთხილება საქართველოში შემოსვლის პირობების თაობაზე და მითითებული იქნება გადახდის ბმული. გადახდის განხორციელების შემდეგ კი, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქე იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონულ ვიზას მიიღებს, რომელიც უნდა ამობეჭდოს და შესაბამის მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას უნდა წარადგინოს.
„პირველის ექტემბრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა გარკვეული კითხვის ნიშნები შექმნა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამის ფონზე ტურისტული ნაკადი კვლავ ეფექტური ყოფილიყო. ქვეყანა არ აპირებს უაზრი თქვას იმ სიკეთეზე, რასაც ეკონომიკას საერთაშორისო ტურიზმი უქადის. ჩვენ საზოგადოებას და ტურისტებს ინოვაციას ვთავაზობთ. „ევიზა“ პორტალის საშუალებით, ნებისმიერ ტურისტს, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლა მოუნდება, შეეძლება ყოველგვარი ბიუროკრატიისა და დოკუმენტაციის გარეშე ვიზა ელექტრონულად, უმარტივესი საშუალებით მიიღოს. ამავდროულად, საზღვარი არალეგალური მიგრაციისგან, შრომითი არალეგალური შემოდინებისგან, ქვეყანა კი ახალი არალეგალების წარმოშობისგან იქნება დაცული“, - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საზღვარი აუცილებლად ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება, „ევიზა პორტალი“ კი ბაზების ინტეგრაციასა და რეალური დროის რეჟიმში ყველა შესაბამის კომპეტენტურ უწყებასთან ინფორმაციის გაცვლას თავისთავად მოიცავს.
აქედან გამომდინარე, გურგენიძის განმარტებით დოკუმენტების გადამოწმება და საქმის შესწავლა საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი იქნება.
რაც შეეხება ვიზის გაცემის თაობაზე პასუხის ვადებს გურგენიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობით დარეგულირებული 10-დღიანი ვადა იმოქმედებს.
„თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ვიმუშავებთ პროგრამის განვითარებაზე და ამის შედეგად, შესაძლებელი იქნება ელექტრონული სახით ადამიანმა ვიზა უფრო მოკლე დროში მიიღოს. რაც შეეხება დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას, ცხადია ესეც არსებობს და პროგრამა იმგვარ ლოგიკაზეა აგებული, რომ თუ კონკრეტული მონაცემების ატვირთვა არ მოხდება, მოქალაქეს აპლიკაციის განვითარების და სხვა ეტაპზე გადასვლის საშუალება არ მიეცემა“, - განაცხადა გურგენიძემ.