"თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე იმედოვნებს, რომ იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი წარიმართება და პროკურატურა ამ შემთხვევაში მაინც არ იქნება გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად.
"მხოლოდ ახლა გაახსენდათ სამართლიანობის აღდგენა, როდესაც ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მართლაც არის სამართლებრივი პროცესი, მართლა სამართლიანობის აღდგენას ემსახურება და ამ შემთხვევაში მაინც, პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად არ იქნება გამოყენებული", - განაცხადა გოგუაძემ.
მთავარმა პროკურატურამ იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით უწყებაში შესული საჩივრების შესწავლა-იდენტიფიცირება დაასრულა. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით პრობლემის გადაჭრის გზებზე მთავარი პროკურატურის მესვეურებმა პარლამენტის წევრებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი იქმნება. თებერვალში გაიმართება საჯარო პრეზენტაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.