რუსეთის სადაზვერვო ჯარებმა დღეს ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, უკრაინის საზღვართან ახლოს წვრთნები დაიწყეს. "ინტერფაქსის" ცნობით, სამხედრო სწავლებაში სულ 2000 ჯარისკაცი მონაწილობს.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნა დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდება. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო სწავლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინის საზღვართან ახლოს ამ დრომდეც არაერთხელ ჩატარდა, რასაც ექსპერტების ნაწილი მოსკოვის პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.
ამჯერად რუსეთის სადაზვერვო ძალების სწავლება უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მინსკში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე დაიწყო. ხვალ, ბელორუსის დედაქალაქში ოთხი ქვეყნის ლიდერები უკრაინის კრიზისის დარეგულირების გზებზე იმსჯელებენ.