ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში ორი ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, აღნიშნული კომიტეტის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ ასევე საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტებზე ამოქმედდება.

როგორც პარლამენტში აცხადებენ, საკითხი დღეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის (მუხლი 29 პუნქტი 2 ის) თანახმად, კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, რომლებშიც კომიტეტის წევრი დეპუტატები იმუშავებენ.

მათივე განცხადებით, ერთი ჯგუფი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების, მეორე კი, საკუთრების უკანონო ხელყოფის საქმეებზე, კომიტეტში 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე შესულ ყველა იმ საჩივრის სისტემატიზაციას მოახდენს, რომელიც არაადამიანური მოპყრობის, წამების და საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტებს ეხებოდა.

"კომიტეტი ამ მასალებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასებით გადასცემს მთავარი პროკურატურის, ახლად შექმნილ დეპარტამენტს - შესაბამისი რეაგირებისათვის", _ განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.