პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი პოლიციელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს
"კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ქართველი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს.
გიორგი ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს, იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პატრულირების დროს დაიღუპა. მისი სიცოცხლე დამნაშავეობასთან ბრძოლას შეეწირა.
პატივს მივაგებ მის ხსოვნას, რომელმაც ღირსეულად მოიხადა ვალი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე", - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი 6 თებერვალს გარდაიცვალა.
მიმდინარე წლის 23 იანვარს ლიკანში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დღემდე იძებნება.