პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ანგარიშებს მოისმენს. კომიტეტის სხდომა ხვალ გაიმართება.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშით 12 სახელმწიფო უწყებას რეკომენდაციები მიეცა, რომელიც პარლამენტმა საკუთარი დადგენილებით გაიზიარა. დადგენილებით, 12 სამინისტროს დაევალა რეკომენდაციების შესრულება. ვალდებულების მიხედვით მათ 2015 წლის 1-ელ მარტამდე რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საკუთარი ანგარიშები უნდა წარადგინონ. 10 თებერვალს ანგარიშს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგენს საჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია.
სულ 2015 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაწერილი გრაფიკის მიხედვით 11 სახელმწიფო უწყების ანგარიშს მოისმენს.