ევროსაბჭოში ეკა ბესელიას თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ პარლამენტში ერთგვარი გაუგებრობა შექმნა

ევროსაბჭოში ეკა ბესელიას თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ პარლამენტში ერთგვარი გაუგებრობა შექმნა

დეპუტატ ეკა ბესელიას ევროსაბჭოს ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, პარლამენტში ერთგვარი გაუგებრობა და დაბნეულობა გამოიწვია. როგორც თავად პარლამენტში ამბობენ, აღნიშნულ კომიტეტს ქვეკომიტეტი საერთოდ არ აქვს.

27 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბესელია ევროსაბჭოს ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის, ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 27 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტი შეიქმნა, რომლის წევრიც ეკა ბესელია არის, თუმცა არაფერია ნათქვამი მოსამართლეთა არჩევის აღნიშნული მთავარი კომიტეტის ქვეკომიტეტის შექმნისა და მისი დაკომპლექტების შესახებ.

ის, თუ სად მოხდა ეკა ბესელიას ვიცე-თავმჯდომარედ არჩევა, ამის გარკვევას დღეს პარლამენტის აპარატში მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ინფორმაცია თავად ევროსაბჭოში გადამოწმდა.

დღის ბოლოს განმარტება და დაზუსტება საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.

"როგორც ჩანს, თავიდან არასწორად იყო გაგებული, თუ რომელ ქვეკომიტეტზეა საუბარი. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის და ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტი შეიქმნა. ეკა ბესელია აღნიშნული ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ჩვენ ევროსაბჭოდან შესაბამისი დასტური მივიღეთ", - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატი აცხადებს, რომ "ადგილი ჰქონდა მცირე ინფორმაციულ ხარვეზს".

"ადგილი ჰქონდა მცირე ინფორმაციულ ხარვეზს. ეკა ბესელია არის ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ორი კომიტეტის ძირითადი წევრი და ერთი ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - სტატუსით ვიცე-პრეზიდენტი. ქვეკომიტეტის სახელია, ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის ქვეკომიტეტი - ქვეკომიტეტი ცალკეა, კომიტეტი ცალკეა, მაგრამ ქვეკომიტეტი თავის საქმიანობას ახორციელებს და თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტთან ერთად", - აღნიშნული განმარტება ბესელიას საპარლამენტო კომიტეტის აპარატის წარმომადგელმა ირაკლი მაისურაძემ გააკეთა.