სოზარ სუბარი უკრაინის ელჩს შეხვდა

სოზარ სუბარი უკრაინის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილი ციბენკოს შეხვდა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უკრაინის 436 მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან 42 პირის საქმის წარმოება პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო 35 პირის საქმე გამოუცხადებლობის გამო შეწყდა.

უწყების ცნობით, ამჟამად, სამინისტრო განიხილავს 359 პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს. მათგან 207 პირი ეთნიკურად უკრაინელია, 32 - ეთნიკურად რუსი, 23 პირი სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისაა, ხოლო 97 - ეთნიკურად ქართველია.

მინისტრმა ელჩს განუმარტა, რომ ეთნიკური ქართველების უმრავლესობა საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს წარმოადგენენ და აქვთ ნათესაური კავშირი საქართველოს მოქალაქეებთან, რაც ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძველია.

"მათთვის, ვინც უარს იტყვის ბინადრობის ნებართვის უფლების მინიჭებაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამოქმედდება თავშესაფრის მინიჭების პროცედურა", - აცხადებენ სამინისტროში. მათივე ცნობით, სოზარ სუბარმა ელჩს, ასევე, გააცნო სამინისტროს მიდგომა უკრაინის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ და განაცხადა, რომ სამინისტრო მათ გამარტივებული წესით, საქმის არსებითი შესწავლის შემდეგ მიანიჭებს თავშესაფარს, ძირითადად დამატებითი დაცვის სტატუსით.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეიმუშავა ერთიანი მიდგომა და უკრაინის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უმოკლეს ვადებში მიიღება.