საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ, მთის კანონის მიღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მთის კანონთან დაკავშირებულ ასპექტებს, მიგრაციულ პროცესებს, გადასახადების შემცირებასა და მათ გაუქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა პედაგოგებისა და ექიმებისათვის ხელფასების გაზრდის, მაღალმთიან სოფლებში სკოლების შენარჩუნების და მათი რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე. მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების განსაზღვრის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარემ ერეკლე ტრიპოლსკიმ აღნიშნა, რომ მთის კანონის მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება და ამასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს აქტიური დისკუსიისთვის და თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა.
შეხვედრას პარლამენტის წევრები: ზურაბ ტყემალაძე, გიორგი თოფაძე, ნოდარ ებანოიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბული, საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.