პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას პოლიტიკური დებატებისთვის მზადაა

პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას პოლიტიკური დებატებისთვის მზადაა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

რაც შეეხება საკითხებს, რაზეც პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებაში ყურადღებას გაამახვილებს, კვერენჩხილაძის თქმით, კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფოს მეთაური პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას სახელმწიფოს მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით წარუდგენს. შესაბამისად, ეს მოიცავს როგორც საშინაო, ასევე საგარეო სფეროს და საკმაოდ მრავალფეროვანია.

რაც შეეხება ფორმატს, კვერენჩხილაძის თქმით, ფორმატის შერჩევა პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა მისი მზადყოფნა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობაში, მათ შორის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვისაც.

"იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მეთაურის, რომელიც მთავარსარდალია, კონსტიტუციის დაცვის გარანტია, ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტია და რაც მთავარია საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით არჩეული ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირია, მისი მოხსენება სახელმწიფოს მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლის საგანი უნდა გახდეს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

კითხვაზე, როგორ მოხდა თარიღის შერჩევა, კვერენჩხილაძის თქმით, კონსტიტუცის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაური თავად წყვეტს სავარაუდო თარიღს, თუ როდის წარსდგეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით.

"პრეზიდენტი 18 მარტთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. შემდგომ, გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთობლივად შევჯერდით, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მიმდინარე წლის 18 მარტს გაიმართება", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.