საქალაქო სასამართლოში გია სოსანაშვილის ახლობლები იმყოფებიან

საქალაქო სასამართლოში გია სოსანაშვილის ახლობლები იმყოფებიან

საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ახლობლები მივიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ სოსანაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია. როგორც ჟურნალისტებს სოსანაშვილის სიძემ თემურ აბრამიშვილმა განუცხადა, მან გია სოსანაშვილი დაკავებიდან ერთი დღით ადრე ნახა.

"დაგვირეკა და გვითხრა, რომ პროკურატურაში მიბარებენო. შემდეგ თქვა, რომ გაუკეთეს დნმ-ის ანალიზი და კიდევ რაღაცები. შემდეგ მოვიდა ჩვენთან. ეს იყო 6 თებერვალს, დაკავების წინა დღეს. მან თქვა, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების დღეს ყარაფილაში საერთოდ არ ყოფილა და კასპში სასადილოში თანამშრომელთან, სახელად მამიასთან ერთად იმყოფებოდა ხაშის საჭმელად", - განაცხადა სოსანაშვილის სიძემ.

მისივე თქმით, გია სოსანაშვილგან შეიტყო, რომ ყარაფილაში აფეთქებამდე ერთი დღით ადრე, 19 იანვარს იმყოფებოდა მეგობრის მშობლის პანაშვიდზე, ხოლო მომხდარის დღეს ყარაფილაში საერთოდ არ იყო.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გია სოსანაშვილის დამ, ლია სოსანაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ძმისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია. ბრალდებულის და აცხადებს, რომ მისი ძმა წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და არც ერთ ინციდენტს ამ ხნის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.

"დაკავებამდე წინა დღეს ჩვენთან იყო, შეშა დაჭრეს და თქვა, რომ ყარაფილაში იმყოფებოდა 19 რიცხვში, მეგობრის მშობლის პანაშვიდზე", - განაცხადა ლია სოსანაშვილმა.

რაც შეეხება გია სოსანაშვილის სახლიდან ამოღებულ საბრძოლო მასალას, ნათესავები ამაზეც აკეთებენ კომენტარს და აღნიშნავენ, რომ ამ პროცესს ესწრებოდნენ. საბრძოლო მასალის წარმომავლობა კი, როგორც ისინი აცხადებენ, საეჭვო არ არის, იქიდან გამომდინარე რომ გია სოსანაშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და იმდროინდელი ყუმბარა ჰქონდა შენახული სახლის ეზოში, რომელიც ყარაფილადან 5 კმ-ში მდებარეობს.

"ამოიღეს დაჟანგული ყუმბარა, რომელიც დამალული ჰქონდა. ეს გასაკვირი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ გია იბრძოდა აფხაზეთშიც და იმდროინდელი საბრძოლო მასალა ჰქონდა", - განაცხადეს ახლობლებმა.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება. როგორც ცნობილია, პროკურატურა სოსანაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.