"მოქმედი პოლიციელის დაკავება ცხადჰყოფს, რომ ჩვენ პრინციპულები და მიუკერძოებლები ვართ"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია იური ვაზაგაშვილის საქმეზე მოქმედი პოლიციელის დაკავებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სამინისტრო კანონის სრული დაცვით მოქმედებს.

"ის ფაქტი, რომ მოქმედი პოლიციელი სწორედ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული-სამძებრო ღონისძიების შედეგად იქნა გამოვლენილი, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულები, მიუკერძოებლები და ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ",-განაცხადა იზორიამ

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს დაღუპული შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდიანრეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 14 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისიწინებს.