კიევში ჯონ ქერის ვიზიტი დაიწყო

კიევში ჯონ ქერის ვიზიტი დაიწყო

აშშ რუსეთისგან აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარების გაყვანას, ყველა მძევლის გათავისუფლებასა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე მოლაპარაკებებს ელოდება. "უნიანის" ინფორმაციით , ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მინისტრმა ჯონ ქერიმ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთობლივ ბრიფინგზე კიევში განაცხადა.

ქერის თქმით, პოროშენკოსთან მოლაპარაკებებისას უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესია. "ჩვენ რუსეთთან კონფრონტაციას არ ვეძებთ და ამას არც არავინ აკეთებს - არც პრეზიდენტი პოროშენკო, არც აშშ და არც ევროკავშირი. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი შეიცვლის კურსს იმისთვის, რომ ვითარება დიპლომატიური გზით მოგვარდეს. აი, ეს არის ის, რაც გვსურს", - განაცხადა ჯონ ქერიმ.

მისივე თქმით, რუსეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დაჯდეს დონბასის კონფლიქტზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. "ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმ ტანკებზე, რომლებიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დონბასში შედის. ასევე, თვალს ვერ დავხუჭავთ რუს "ბოევიკებზე", რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნის გარეშე იბრძვიან, ვერც იმაზე, რომ რუსეთი ხელმძღვანელობს სეპარატისტების უკანონო დაჯგუფებებს ბრძოლის ველზე. თვალს ვერ დავხუჭავთ თანამედროვე რაკეტებსა და სარადარო თუ სხვა სახის შესაძლებლობებზე ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რომელიც რუსეთს შემოაქვს", - განაცხადა ჯონ ქერიმ.

მისი თქმით, რუსეთის ასეთი ქმედება მინსკის შეთანხმებას არღვევს, რაც ცეცხლის შეწყვეტას უკავშირდება. მანვე აღნიშნა, რომ აშშ რუსეთისგან ელოდება აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარების გაყვანას და ყველა მძევლის გათავისუფლებას.

დღესვე კიევში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი გაიმართება.