ჟვანია-უსუპოვის საქმე - სასამართლოს განცხადება

ჟვანია-უსუპოვის საქმე - სასამართლოს განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლო ჟვანიასა და იუსუპოვის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მათ ბრალად ედებათ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი და 369-ე მუხლის მესამე ნაწილი 2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით). სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევი, თავს არ არიდებენ საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავთ ოჯახები და მცირეწლოვანი შვილები. ამასთან, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები - კერძოდ, ბრალდებულების სათანადო ქცევა, მათი გამოცხადება სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში, ის, რომ ბრალდებულები არ მოახდენენ მტკიცებულებათა განადგურებას", _ ნათქვამია განცხადებაში.