ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ბიოტექნოლოგიების ცენტრის შექმნაზე მუშაობს

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ბიოტექნოლოგიების ცენტრის შექმნაზე მუშაობს

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეცნიერების აკადემიასთან ერთად ბიოტექნოლოგიების ცენტრის შექმნაზე მუშაობს, - ამის შესახებ კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ქაშიბაძის თქმით, კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ძირითადი მიზანია, სახელმწიფო უწყებებს შორის პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა და ბიზნესის აქტიური ჩართულობა მოხდეს იმისთვის, რომ სამეცნიერო ტექნოლოგიური ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესი გაიზარდოს.

"ჩვენი სააგენტო ამჟამად ახორციელებს ერთობლივ პროექტს მეცნიერებათა აკადემიასთან, რომ შეიქმნას ბიოტექნოლოგიების ცენტრი. მთავარი ამოცანაა, მეტად გაიზარდოს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ექსპორტი და ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ყველა სტრუქტურა, ბიზნესი და ერთობლივად ხდებოდეს ამ მიმართულებით თანამშრომლობა", - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, საბჭოს მუშაობის განმავლობაში ის პრიორიტეტები განისასზღვრება, რომლებზეც შემდგომ ქვეყნის რესურსების კონცენტრაცია მოხდება. "განსაზღვრულია შვიდი პრიორიტეტული მიმართულება და საბჭოს მუშაობა აქეთკენ იქნება მიმართული", - აღნიშნა ქაშიბაძემ.

კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.