კრიზისების მართვის საბჭო და მისი აპარატი მთლიანად გადის საჯარო სამსახურის სივრციდან

კრიზისების მართვის საბჭო და მისი აპარატი მთლიანად გადის საჯარო სამსახურის სივრციდან

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და მისი აპარატი მთლიანად გადის საჯარო სამსახურის სივრციდან, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა გააკეთა, სადაც პირველი მოსმენით "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე პროექტები განიხილეს.

საკანონმდებლო პაკეტით პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ამოცანები და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება.

როგორც გოგორიშვილი აცხადებს, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და მისი აპარატის სახით ჩაკეტილი სისტემა იქმნება, რომელზეც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი არ გავრცელდება. გოგორიშვილის განმარტებით, არც ერთ იმ მოხელეზე, ვინც კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში იმუშავებს – იქნება ეს სამხედრო თუ არასამხედრო პირი, აღნიშნული კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება. დეპუტატმა აღნიშნულ სტრუქტურას ანომალიური უწოდა.

"იქმნება ახალი სტრუქტურა, რომელიც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის სივრციდან მთლიანად გადის - არ იქნება შეზღუდული არც საშტატო რაოდენობები, რადგან ამას ერთპიროვნულად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს. შეიძლება პრემიერმა მიიღოს გადაწყვეტილება და საბჭოს აპარატის ფარგლებში 314 სამუშაო ჯგუფი შექმნას, ხოლო თითოეულ მათგანში 200-200 საშტატო ერთეული იყოს. არ გამოცხადდება კონკურსი, ეს არ იქნება ღია პროცესი. იქმნება ჩაკეტილი სისტემა, სადაც პრემიერი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, თუ ვინ იმუშავებს. ეს არის ანომალია, რადგან არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც საჯარო სამსახურის სივრციდან გადის, გარდა პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობებისა", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში საჯარო სამსახურების ნგრევის პროცესი მიმდინარეობს, რადგან კადრების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი არის არა პირის გამოცდილება და კვალიფიკაცია, არამედ მთავრობის წარმომადგენლის ოჯახის წევრობა და ნათესაობა.