ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეგაპროექტზე მუშაობა იწყება

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეგაპროექტზე მუშაობა იწყება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომისიამ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციაზე აქტიური მუშაობა დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტექნიკურ-საპროექტო ღონისძიებებზე იმსჯელეს. დაისახა გეგმები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება, განსაკუთრებით კი CERN -თან და CNAO-სთან სამეცნიერო-საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირება.

კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თანათავმჯდომარე კი - ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ,,ქართუ" ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართუ" ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.

საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები.