დღეს მედავება ჩემი მშობლიური პროკურატურა, სადაც 18 წელი ვიმუშავე და ოფლი მაქვს ჩაქცეული

დღეს მედავება ჩემი მშობლიური პროკურატურა, სადაც 18 წელი ვიმუშავე და ოფლი მაქვს ჩაქცეული

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მამუკა გვარამიამ პროკურატურის შენობა დატოვა. გვარამიას განცხადებით, პროკურატურაში კვლავ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე დაიკითხა.

"იგივე საქმეზე დამისვეს კითხვები, რაზეც სასამართლომ გუშინ იმსჯელა. ისევ იგივე თემა, ისევ იგივე კითხვები. ახალი არაფერი", - განუცხადა ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისებს გვარამიამ. მისივე განმარტებით, პროკურატურასთან ურთიერთობის გარკვევას სამართლებრივი გზით აპირებს.

"დღეს მე მოვისმინე რამდენიმე პოლიტიკური განცხადება ჩემთან დაკავშირებით და მინდა ყველას ვთხოვო უმორჩილესად - ეს არის ჩემი და პროკურატურის სამართლებრივი დავა. აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის. მე ვარ ყოფილი მთავარი პროკურორი და დღეს მედავება ჩემი მშობლიური პროკურატურა, სადაც მე 18 წელი ვიმუშავე და ოფლი მაქვს ჩაქცეული. მე მინდა სამართლებრივი მეთოდებით გავარკვიო მასთან ურთიერთობა. მე გამიყალბეს საქმე და ამას მივიყვან ბოლომდე. ჩვენს ურთიერთობაში პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის", - აღნიშნა მამუკა გვარამიამ.

პროკურატურამ გუშინ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი წარუდგინა. მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად გუშინვე 3-3 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ.