აშშ და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა . თუმცა, პოროშენკოს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის თანამშრომლობა იგეგმება კონკრეტულად ვაშინგტონთან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ჯონ ქერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ვერ მოახდენს რუსეთის აგრესიული ქმედებების იგნორირებას.

ქერიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შეწყვეტისკენ. ამას გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დასავლეთს უკრაინის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით სურს, თუმცა, ევროპა და აშშ თვალს ვერ დახუჭავს უკრაინაში რუსული ტანკებისა და რუსი სამხედროების მოქმედებებზე.