პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს მის განცხადებებთან დაკავშირებით მეტი განმარტებების გაკეთებას ურჩევს.
როგორც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანმა დღეს „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე სწორი პოზიცია დააფიქსირა.
„ჰქონდა თუ არა მას უფლებამოსილება ოფიციალურად დაეფიქსირებინა ეს პოზიცია, ეს ცალკე თემაა. თუმცა როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში ჩახედულ ადამიანს იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ თავის პოზიცია ჟურნალისტს გაუზიაროს და ამის გამო მმართველი გუნდის მხრიდან მის სერიოზულ დაგმობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არამედ ამ შემთხვევაში ქალბატონი ბერუჩაშვილისგან სერიოზული განმარტებები უნდა იყოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მინისტრი, როდესაც საქმე შეეხება საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვას თუ უსაფრთხოებას მეტ ლიდერობას უნდა იჩენდეს.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ბერუჩაშვილი მის წინამორბედ მაია ფანჯიკიძეზე საერთაშორისო ურთიერთობებში გაცილებით კომპეტენტური ადამიანია.
„მაია ფანჯიკიძის დანიშვნა იყო პოლიტიკური, პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან გამომდინარეობდა. მაია ფანჯიკიძე სულ ახლახანს წამოვიდა მთავრობიდან, კარგად მახსოვს მისი პოზიციები. ჩემი აზრით, ახლა ცოტა უხერხულია კრიტიკა იმისა, რასაც შენ ცოტა ხნის წინ ემსახურებოდი და ასევე ის ადამიანი, რომელიც შენი მოადგილე იყო, მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ზუსტად თამარ ბერუჩაშვილზე გადადიოდა, ასე ვთქვათ, ცოტა აგდებულად მოიხსენიო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რადიო „თავისუფლების“ ამერიკის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგი შეჩერებულია, რადგან აზრი არ აქვს და რომ რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისევ აამოქმედოს ემბარგო. ამის შემდეგ საგარეო უწყებამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადეს, რომ არასწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი. რადიო „თავისუფლებამ“ საპასუხოდ მინისტრის ინტერვიუს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.