ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2015 წელი საქართველოსთვის იყოს მაქსიმალურად წარმატებული წელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელსაც მედიამ განმარტება სთხოვა მის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ პროგნოზთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წელი ქვეყნისთვის დალხენილი წელი არ იქნება.
როგორც პრემიერმა განმარტა, საქართველოს მთავრობა გეგმის მიხედვით მუშაობს, მაგრამ ეკონომიკური წინსვლა დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზეც.
"ორი წლის წინ იმის პროგნოზირება, რომ უკრაინაში იქნებოდა ომი, იქნებოდა ეკონომიკური კრიზისი და პრობლემები, იყო შეუძლებელი.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიმდინარე წელი საქართველოსთვის მაქსიმალურად წარმატებული წელი იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზეც – საგარეო ფაქტორები განსაზღვრავს იგივე ლარის კურსს, იგივე ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ეკონომიკა არის პატარა ეკონომიკა, რომელიც მიერთებულია მსოფლიო ეკონომიკაზე.
"ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით. ის, რომ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა, რომ გასულ წელს გვქონდა დაახლოებით 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, არის ძალიან დიდი წარმატება. მითუმეტეს, იმ ვითარებაში, როცა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 3%-ზე ცოტას. ჩვენ წელსაც ვგეგმავთ, რომ გვქონდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა არის პატარა ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მიერთებული მსოფლიო ეკონომიკაზე", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.