თბილისში, ელქაბიძის დაღმართზე, სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლოა, ათი დღის ვადაში ცალმხრივად გაიხსნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა განუცხადა.
მან თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ელბაქიძის დაღმართზე (ჯავახიშვილის ქუჩა) მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ბაბუნაშვილის ინფორმაციით, ქალაქის მერთან და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად ჰქონდათ საუბარი ჯავახიშვილის, ე.წ. ელბაქიძის დაღმართზე ცალმხრივად მოძრაობის გახსნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც იქ ხიმინჯები დაიდგმება და ტერიტორია მიწით შეივსება. ბაბუნაშვილის განმარტებით, ამას დიდი ვადა არ დასჭირდება, დაახლოებით ერთი კვირის, ათი დღის ვადაში შესაძლებელი იქნება. ელბაქიძის დაღმართზე ცალმხრივი მოძრაობის გახსნა რუსთაველის გამზირიდან მარჯანიშვილის მიმართულებით.
"ვჩქარობთ, რათა გავხსნათ მოძრაობა. პარალელურად ხდება მიხეილ ჯავახიშვილის სახლის შემოწმება, ხომ არ არის ავარიული და სასწრაფოდ შესაკეთებელი რაიმე", - აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.
მისივე განცხადებით, მოძრაობის აღდგენა აუცილებელია იმის გამო, რომ რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა ძალიან გადაიტვირთა. დეპუტატის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.