მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან აქტიურად, მოკლევადიან პერიოდში დავიწყოთ ღონისძიებები, რომელიც ექსპორტს, ტურიზმს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს წაახალისებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდა ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ლარის კურსთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.
"უნდა აღინიშნოს, რომ თუ შევადარებთ სიტუაციას დოლარის მიმართ საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებს და არა მარტო რეგიონში, პრაქტიკულად ყველა ვალუტა გაუფასურებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით, ლარი გარკვეულწილად პოზიციებს ინარჩუნებს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ საგარეო ფაქტორები არის შეცვლილი, მათ შორის ექსპორტის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან აქტიურად, მოკლევადიან პერიოდში დავიწყოთ ღონისძიებები, რომელიც ექსპორტს წაახალისებს, ტურიზმს შეუწყობს ხელს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ეს ღონისძიებები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ლარის გრძელვადიანი სტაბილურობა შევინარჩუნოთ", - განაცხადა ხადურმა.