ექსპორტის წახალისების მიმართულებით სპეციალური ინსტიტუტი შეიქმნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეხვედრას ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საქართველოს რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე ესწრებოდნენ. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, განიხილეს საქართველოს გარშემო არსებული ეკონომიკური სიტუაციის გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. "ვაფასებთ ამ გავლენას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე, დავსახეთ მომავლის კარგი ნაბიჯები. ექსპორტის წახალისების მიმართულებით სპეციალურ ინსტიტუტს ვქმნით და სახელმწიფოს მხრიდან იქნება კერძო კომპანიებზე საექსპორტო გარანტიების გაცემა. საექსპორტო დაფინანსების ინსტიტუტები შეიქმნება და საუბარია არა შორეულ, არამედ ძალიან ახლო პერსპექტივაზე", - აღნიშნა კვირკაშვილმა.
მისივე თქმით, დაისახა ძალიან სწრაფი ზომები იმისთვის, რომ მინიმალურ დროში ტურიზმიდან მიღებული შემოსულობების წახალისება მოხდეს. "ამაზე გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა. იყო ძალიან კონსტრუქციული, კარგი, დადებითი შეხვედრა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, დღეს ნამდვილად არ არის საჭიროება, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვები გამოიყენოს.