პრეზიდენტთან შეხვედრებზე კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა

პრეზიდენტთან შეხვედრებზე კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებზე კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გრძელდება პრეზიდენტის მიერ დაწყებული კონსულტაციების პროცესი, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატურებს.

"დღეს იყო შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. საკმაოდ საინტერსეო შეხვედრა იყო იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ საბჭოს ყველა წევრმა გამოთქვა თავისი კონკრეტული მოსაზრებები და შეხედულებები ამ პროცესთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირის შერჩევა და ასევე ყველა წევრის მიერ იყო დაფიქსირებული და გამოთქმული მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ანუ, ის კრიტერიუმები წამოიწია შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წევრთა აზრით, უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არც ერთ შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ იყო გამართული პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფებთან, პროფესიულ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.