ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლიტვა აქტიურად დაგვიჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საპატრიარქოში დღეს, ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან შეხვედრაზე განაცხადა.
კათოლიკოს პატრიარქმა შეხვედრაზე ლიტვასა და საქართველოს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ურთიერთობები გაძლიერდეს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ევროპის სტრუქტურების აქტიური წევრი. ამიტომ, თქვენი ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები. ეს არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და იმ დროს ჩვენ პრობლემები და კონფლიქტები არ გვქონდა. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტები. ჩვენ არასდროს არ დავჯერდებით, ვიდრე ეს ტერიტორიები არ შემოვა საქართველოს იურისდიქციაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლიტვა აქტიურად მხარს დაგვიჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, ჩვენ კარგად ვიცნობთ ლიტვის კულტურას და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან.
პატრიარქმა დასძინა, რომ საქართველო უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაა, საქართველოს ეკლესია კი უძველესი ეკლესიაა მსოფლიოში.
პატრიარქი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ მიესალმა სტუმარს და აღნიშნა, რომ მოხარულია მასთან შეხვედრით.
თავის მხრივ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა, ალგირდას ბუტკევიჩიუსმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისთვის და დასძინა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.
"მინდა დაგეთანხმოთ და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ლიტვას შორის ისტორიულად იყო და არის ახლო ურთიერთობა. ამ ვიზიტით კიდევ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ურთიერთობები სამომავლოდაც იყოს კარგი",- განაცხადა ლიტვის პრემიერმა მინისტრმა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების დოკუმენტს მოეწერება ხელი. ბუტკევიჩიუსმა დასძინა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი განიხილეს.