საქართველოს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა

საქართველოს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა

საქართველო ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, 26-30 იანვარს თბილისს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ბლოკით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შეფასება იმპლემენტაციის მეორე ფაზაზე. დავით კერესელიძის განცხადებით, ეს ფაზა მოიცავს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებს.

ევროკავშირის ექსპერტები ძირითად შეხვედრებს გამართავენ შს საქმეთა, იუსტიციისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში სხვა კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით. ექსპერტები საქართველოში ვიზიტის საფუძველზე მოამზადებენ ანგარიშს აღნიშნულ სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მარტის პირველი კვირის ჩათვლით საქართველო მორიგეობით უმასპინძლებს ევროკავშირის ექსპერტთა მისიებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე, მესამე და მეოთხე ბლოკებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შეფასების მიზნით.