საქართველოს მთავრობა რიგის

საქართველოს მთავრობა რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის სერიოზულად ემზადება

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულების კუთხით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ემზადება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის.

"ჩვენი ამოცანაა, რომ სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა, ვაჩვენოთ წარმატების მაგალითი. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა მზადაა გაააქტიუროს ძალისხმევა ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისა და რიგის სამიტისთვის კონკრეტული შედეგების დემონსტრირებისათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვას ნატოს უელსის სამიტზე მიღებული "არსებითი პაკეტის" განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.

"ვფიქრობთ, რომ ლიტვისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით უახლოეს მომავალში მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს - ალიანსში გაწევრიანებას. შეხვედრის დროს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს. კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ. "შეთანხმებების" გაფორმებას, რაც მიმართულია საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისაკენ და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენთვის დღეს, ისე როგორც არასდროს, გადამწყვეტია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.