მაშკევიჩმა საქართველოში პროექტი შესაძლოა, ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელოს

მაშკევიჩმა საქართველოში პროექტი შესაძლოა, ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელოს

ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენმა ალექსანდრე მაშკევიჩმა საქართველოში რამდენიმე პროექტი შესაძლოა, ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელოს. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „პირველ არხთან" ინტერვიუში გააკეთა.

„კომერსანტი" საკითხის დასაზუსტებლად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ დავით საგანელიძეს დაუკავშირდა. ის განმარტავს, რომ არ აქვს ინფორმაცია რა ფორმით მოხდება მაშკევიჩის პროექტების განხორციელება, თუმცა აღნიშნავს, რომ მიესალმება თუ ასეთი დიდ პროექტებში სახელმწიფოც იქნება წარმოდგენილი.

საგანელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს რაიმენაირი მონაწილეობა პროექტს უფრო გააძლიერებს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენმა ალექსანდრე მაშკევიჩმა საქართველოში სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც მისი კაპიტალის დაბანდების გეგმაზე მუშაობს. ბიზნესმენი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროთია დაინტერესებული და პროექტებიც ამ მიმართულებით მუშავდება. ამ ჯგუფში შედიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები.

უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ პროექტების დამუშავებას ნახევარი წელი სჭირდება. ასევე უახლოეს მომავალში დაიწყება ტურისტული მიმართულებითაც პროექტების დამუშავებაც.

მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი თბილისში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა. მან არაოფიციალური შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. მაშინ გახდა ცნობილი, რომ მაშკევიჩი ფარმაცევტული ბიზნესით ინტერესდებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი სხვა გეგმების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.

კერძოდ, მაშკევიჩი ჯანდაცვის სფეროში ჰოსპიტალური, სადიაგნოსტიკო და ფარმაცეპტული მიმართულებებზე გამოთქვამდა ინტერესს. ასევე ჰქონდა საუბარი ტურიზმის მიმართულებაზეც, რაც ძირითადად სასტუმროების მშენებლობაში გამოიხატებოდა. ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მანქანათმშენებლობის დარგიც.