საქართველოს ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა

საქართველოს ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა

29-30 იანვარს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა. როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მონიტორინგი.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ალექსანდრე ვერშბოუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან.

"ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მოინახულებს ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილს. ვერშბოუ ასევე წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

კითხვაზე, ცნობილია თუ არა ადგილი, სადაც განთავსდება ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი, კერესელიძემ აღნიშნა, რომ მან ზუსტი მისამართი არ იცის.