ილია მეორე - ლოცვა, მარხვა და მოწყალება არის სამი დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანის თანამგზავრი უნდა იყოს

ილია მეორე - ლოცვა, მარხვა და მოწყალება არის სამი დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანის თანამგზავრი უნდა იყოს

ლოცვა, მარხვა და მოწყალება არის სამი დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანის თანამგზავრი უნდა იყოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. 
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, სწორედ ეს სამი რამ - ლოცვა, მარხვა და მოწყალების გაღება დაეხმარება ადამიანს მის წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაში. 

"მრავალი განსაცდელი აქვს ადამიანს, მაგრამ ეს განსაცდელი ხშირად მოჩვენებითია. ხშირად ისეთია, რომელიც შეიძლება დაძლეულ იყოს და დაძლეულ იყოს არა ჩვენი საქმით, არამედ ლოცვით, მარხვით, მოწყალებით. ყველაზე ძლიერი საშუალება, ყველაზე ძლიერი იარაღი ბოროტების წინააღმდეგ არის ლოცვა, მარხვა და მოწყალების გაცემა. ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს უკანასკნელ დღეზე, უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რა უნდა წაიღოს ამ ქვეყნიდან. 

შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს მთელი ქვეყნის სიმდიდრე, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო შეიძლება იყოს მისთვის. ამიტომ ეს სამი რამ - ლოცვა, მარხვა და მოწყალება უნდა იყოს ჩვენი თანამგზავრი. ეს არის სამი დიდი საუნჯე, რომელიც შეეწევა ადამიანს ამ ქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც მისი შემწე და დამხმარე იქნება", - ბრძანა პატრიარქმა. 

ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ 5 გვარი დალოცა.