ზურაბ გამეზარდაშვილი არ ადასტურებს, რომ მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

ზურაბ გამეზარდაშვილი არ ადასტურებს, რომ მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერის პრეროგატივაა, თავად გადაწყვიტოს თუ ვინ უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„ჩემს შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, ეს პრემიერის პრეროგატივაა და ის თავდ გადაწყვეტს თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე ვარ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და სადაც დამავალებს ქვეყნის ხელისუფლება, მზად ვარ ვემსახურო იმ საქმეს“, - ზურაბ გამეზარდაშვილმა, რომელიც სოფელ ყარაფილაში, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი სახელდება.

ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა 23 იანვარს დატოვა. ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ვაზაგაშვილის მკვლელობის ცხელ კვალზე გამოძიება მოხდებოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. პრემიერ-მინისტრი ჭიკაიძის შემცვლელს სავარაუდოდ, 26 იანვარს დაასახელებს.