"სახელმწიფო უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის ოჯახს გვერდში დაუდგება"

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი თამაზ სუხიაშვილის ოჯახს ქართველი სამხედროს გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

მინისტრის განმარტებით, დიპლომატიური უწყება სუხიაშვილის საქართველოში გადმოსვენებაზე აქტიურად მუშაობს.

"მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს. სახელმწიფო მათ გვერდზე დაუდგება. ის ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელია ჩვენი შეიარაღებული ძალების, რომელმაც სერიოზული პროფესიონალური წვლილი შეიტანა საქართველოს მისიებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი კი დაიჭრა. დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბატალიონის ასეულის მეთაური იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული. გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ხაშურის მკვიდრი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც 25 იანვარს 37 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.