ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დავით ბაშარულის ცხინვალიდან გადმოსვენების საკითხს დააყენებს

ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დავით ბაშარულის ცხინვალიდან გადმოსვენების საკითხს დააყენებს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) ერგნეთში ხვალ რიგით 51-ე შეხვედრა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განუცხადა, ქართული მხარე შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს დააყენებს, მათ შორის, პირველ რიგში, დავით ბაშარულის გადმოსვენება იქნება.

"პირველ რიგში, ძალიან მკაცრად დაისმება საკითხი ბაშარულის შესახებ, რომელზეც თავიდან უარყოფდნენ, რომ მათ ჰყავდათ დაკავებული. შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს და გადაასვენეს ცხინვალში, პროზექტურაში. ახლა საბაბად ასახელებენ, თითქოს რუსეთიდან ექსპერტი უნდა ჩამოვიდეს, დიდთოვლობის გამო გზა იყო ჩაკეტილი და ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ასე, რომ მიცვალებულის გადმოსვენებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს არ გვაძლევენ", - განაცხადა ენუქიძემ.

გარდა ამისა, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბრის ბოლოს კვლავ დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები და აღნიშნული საკითხი IPRM-ის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება. საუბარი შეეხება უკანონოდ გავლებულ მავთულხლართებსაც, რომლებიც, შალვა ენუქიძის თქმით, ჩვენი მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს.

"ასევე, საუბარი შეეხება ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხოვრებლების გადაადგილებას, რადგან ბევრი მათგანი შეშის მოსაჭრელად გადაადგილდება. ისინი ყველა შეხვედრაზე აფიქსირებენ, რომ თითქოსდა ჩვენი მოქალაქეები კვეთენ ე.წ. საზღვარს და ამიტომ აკავებენ. სინამდვილეში, ეს საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა, ვინაიდან ეს არის საოკუპაციო ხაზი და არა ე.წ. საზღვარი, როგორც თვითონ აღნიშნავენ. ასევე, დავაყენებთ საკითხს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე. ასევე დავსვამთ საკითხს სოფელ ქარძმანის სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფის თაობაზე, რომელზეც უკვე IPRM-ის სამი შეხვედრაა, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვერ გადაწყდა", - განაცხადა ენუქიძემ.

ოკუპირებული ახალგორიდან 6 თვის წინ გაუჩინარებული 19 წლის დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს. ბაშარულის ცხედარი ოკუპირებული ახალგორის სოფელ დოლიანის ტერიტორიაზე მწყემსმა იპოვა, რის შემდეგაც ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა ის ცხინვალის პროზექტურაში გადაასვენეს.

დავით ბაშარული 2014 წლის ივნისში ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მილიციაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას შემდეგ დავით ბაშარულს ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ეძებდნენ.