პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში, შესაძლოა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ორი ვაკანტური ადგილის შევსების საკითხი დადგეს. პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გასულ კვირას, დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის საკითხეზეც გაამახვილა ყურადღება და კოლეგებთან შეხვედრის დროს, კონკურსის გამოცხადების მიზანშეწონილობას შეეხო. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, პარლამენტში თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ როცა მედიასთან საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მისაღებ საინტერესო საკადრო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, ბორდის საკითხიც იგულისხმა. უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი შესძლებს, ბორდს ორი კვალიფიციური პირი შესძინოს.
კანონით, ცხრა წევრისგან შემდგარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭო დღეის მდგომარეობით, შვიდი წევრის შემადგენლობით ფუნქციონირებს – მას უმრავლესობის და უმცირესობის კვოტით ასარჩევი თითო-თითო წარმომადგენელი აკლია. გასულ წელს, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პარლამენტმა აღნიშნულ ვაკანსიებზე დასახელებულ პირებთან დაკავშირებით შეჯერება ვერ შესძლო, რის გამოც კანდიდატურები "ჩავარდა".