იმ ბრძოლის დეტალების შესახებ, რომლის დროსაც უკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა, „პირWელს“ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა მიაწოდა.
„17 იანვრის ბრძოლების შემდეგ, რომელშიც 10 000-მდე რუსი მონაწილეობდა და რა დროსაც სხვადასხვა კატეგორიის არტილერიასთან ერთად გამოყენებული იქნა რამდენიმე ერთეული ტაქტიკური რაკეტა, აეროპორტში გამაგრებულმა დაჯგუფებამ ყველა შეტევა მოიგერია. ამის საპასუხოდ რუსებმა გამოიყენეს არაკონვენციური შეიარაღება - tos1 buratino. ის მოქმედებს აეროზოლის პრინციპით, აფეთქებას იწვევს დახურულ პოზიციაზეც, ამის გამო აეროპორტის დამცველები იძულებული გახდნენ პოზიციები დროებით დაეტოვებინათ, 2 კმ-ით უკან დაიხიეს, რუსები პოზიციაზე შეუშვეს და მერე დაიწყეს შეტევა, მაგ დროს დაიღუპა სუხიაშვილი“, - განუცხადა „პირWელს“ მებრძოლმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა. დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბატალიონის ასეულის მეთაური იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული. გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ხაშურის მკვიდრი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც 25 იანვარს 37 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.კრაინაში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების საკითხი სავარაუდოდ, ორ დღეში გადაწყდება. უკრაინაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებლის თემურ კერესელიძის განმარტებით, ისინი ოფიციალური წერილის მიღებისთანავე შესაბამის პროცედურებს დაიწყებენ.