მე ვგმობ ტერორიზმს, მაგრამ არ ვარ "შარლი", - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს.
ვასაძის განმარტებით, მისთვის ჟურნალი "შარლი ებდო" და მისი სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელია.
"ბუნებრივია, ნებისმიერი სახის ტერორიზმი მიუღებელი და ამაზრზენია. მას გამართლება არ აქვს, თუმცა ჩემთვის ჟურნალი "შარლი ებდო" და მისი სარედაქციო პოლიტიკაც მიუღებელია, რადგან ის რელიგიის შეურაცხყოფისა და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების ჩაგვრისკენაა მიმართული. ამიტომ მე ვგმობ ტერორიზმს, მაგრამ მე არ ვარ "შარლი", - აცხადებს ვასაძე.
ამასთან, ბიზნესმენის თქმით, პარიზის ტერაქტის გარშემო კითხვები აქვს.
"რატომ იყო პარიზის ქუჩები იმ დილით ცარიელი, როცა ჩვეულებრისამებრ საცობებითაა ხოლმე გადაჭედილი? თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე შსს-მ რატომ მოუხსნა ძირითადი დაცვა რედაქციას? რატომ იყვნენ ტერორისტები იმდენად მიამიტები, რომ მანქანაში თავისი აიდიბარათი დატოვეს, რომლის მიხედვითაც მოხერხდა მათი "ალ-ქაიდასთან" იდენტიფიცირება? ხომ არ ჰგავს ეს იმ შემთხვევას, როცა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის ძალოვანებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავში მჯდომი ერთ-ერთი ტერორისტის აიდი-ბარათი არ დაიწვა იმ ინფერნოში და შეძლეს მისი სახელის ამოკითხვა, რამაც საშუალება მისცათ ტერორისტების "ალ-ქაიდასთან" იდენტიფიცირებისა?! ავტომანქანა, რომელიც ჩანს პარიზის მე-11 დისტრიქტში განლაგებულ ჟურნალის რედაქციასთან (ოფიციალური ვერსიით, ამ ავტომანქანით დატოვეს ტერორისტებმა ტრაგედიის ადგილი), 11 წუთის შემდეგ იპოვეს პარიზის მე-19 დისტრიქტში. როგორც პარიზელებმა მითხრეს, ფიზიკურად შეუძლებელია დღის ამ მონაკვეთში ტერაქტის ადგილიდან იმ უბანში, სადაც ავტომანქანა იპოვეს, 11 წუთში მისვლა. ტერაქტში ბრალდებულ ძმებს თავიდან მისამართი აერიათ – ჯერ იმ ქუჩის 8 ნომერში მივიდნენ და იკითხეს, ეს არის "შარლი ებდოს" რედაქციაო? არა, 10 ნომერშიაო, უპასუხეს. როგორ წარმოგიდგენიათ, ტერორისტებს, რომლებიც ტერაქტს გეგმავენ, წინასწარ არა აქვთ ინფორმაცია და ადგილზე იწყებენ მისამართის გარკვევას? ვიყენებ ჩემს დემოკრატიულ უფლებას და ვსვამ ზემოთხსენებულ კითხვებს, თან ისე, რომ არავის ვდებ ბრალს", - აღნიშნავს ბიზნესმენი.