უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების საკითხი სავარაუდოდ, ორ დღეში გადაწყდება

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების საკითხი სავარაუდოდ, ორ დღეში გადაწყდება

უკრაინაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებლის თემურ კერესელიძის განმარტებით, ისინი ოფიციალური წერილის მიღებისთანავე შესაბამის პროცედურებს დაიწყებენ.

მისივე თქმით, დიპლომატიურ მისიას საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებისა და  სამი დაჭრილის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია და ინფორმაცია ქართველი მებრძოლებისგან აქვთ მიღებული.

"როგორც კი საკონსულო სამსახურში ოფიციალური წერილი შემოვა, იმ წუთში ჩვენ პროცედურებს დავიწყებთ. უკვე ველაპარაკეთ დამკრძალავ ბიუროს და ისინიც მზადყოფნაში არიან. რაც შეეხება გადმოსვენების ვადებს, ჩვენ დავუკავშირდებით უკვე ოჯახს, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და სავარაუდოდ, გადმოსვენების საკითხი ორ დღეში უნდა გადაწყდეს", - განაცხადა კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა. დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბატალიონის ასეულის მეთაური იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული. გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ხაშურის მკვიდრი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც 25 იანვარს 37 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.