ვიქტორ დოლიძე და თედო ჯაფარიძე უკრაინაში გაემგზავრებიან

ვიქტორ დოლიძე და თედო ჯაფარიძე უკრაინაში გაემგზავრებიან

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ვიქტორ დოლიძე და თედო ჯაფარიძე დღეს უკრაინაში ვიზიტით გაემგზავრებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის უმაღლეს რადას წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრას. ვიზიტის მიზანი უკრაინელი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარებაა.

"ვიზიტის ძირითადი მიზანია, რომ უკრაინელებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. მე პირადად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გარკვეული ინიციატივები მაქვს და მინდა, მათ გავაცნო, რათა უკრაინელებმა განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვონ. გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ და ეს ინტეგრაციული საკითხები განვიხილოთ. დღეს ყველაზე ძალიან სჭირდებათ მათ ამგვარი გამოცდილების გაზიარება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, ვიზიტი ქართული მხარის ინიციატივით იმართება, თუმცა ბუნებრივია, უკრაინული მხარის სურვილიც იყო, რომ ამგვარი შეხვედრები შემდგარიყო.

"უკრაინაში ახალმა პარლამენტმა დაიწყო მუშაობა და საჭიროა, რომ საწყის ეტაპზე მათი მუშაობის და ჩვენთან თანამშრომლობის ძირითადი კონტურები გამოიკვეთოს", - განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ საუბარი იქნება მათ შორის, სამხედრო-პოლიტიკურ თემებზე და უსაფრთხოების საკითხებზე.