ვერ ვამჩნევ ტედენციებს, რომ რომელიმე ქვეყანამ თუნდაც არაევროპულმა, ახლო მომავალში საქართველოს რეგიონების სუვერენიტეტი აღიაროს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი კომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომელიც რუსეთის მიერ სოხუმ-ცხინვალის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას და მასში ჩადებულ პუნქტს ეხმაურება იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ამ "ქვეყნებს" დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მიღწევაში დაეხმარება.
ამასთან, როგორც ევროკავშირის ახალი კომისარი განმარტავს, ევროპელი ლიდერები, ევროპარლამენტი – ყველანი კარგად აცნობიერებენ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში.
"რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია ამის საჯაროდ დაფიქსირება, მაგრამ პრინციპში, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და შეშფოთებულიც ვართ მოვლენათა არასასურველი განვითარებით აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. შეშფოთებული ვართ იმით, რასაც რუსეთი აკეთებს უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, წლებზე რომ არაფერი ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს ზღუდავს მოლაპარაკებების, დისკუსიების შესაძლებლობას. არადა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ, ვისაუბროთ, განვიხილოთ საქართველოს კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები, მაგრამ ნაბიჯი პირველად რუსეთმა უნდა გადადგას. სწორედ მან დაარღვია უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს საკითხები მეორე პლანზე არ უნდა გადავიდეს", - აცხადებს იოჰანეს ჰანი.