ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
ტაძარში დასვენებულია მამა ილია კარტოზიას ცხედარი, ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილის ახლობლები. ტაძარში მობრძანებისას პატრიარქი განსვენებულის კუბოსთან მივიდა და ჯვარი გადასახა. ტაძარში ამ მომენტისათვის იმყოფება ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების ტაძრის ეზოში გაბრძანდება, სადაც წყალს აკურთხებს. წყლის კურთხევის შემდეგ პატრიარქი ნაკურთხ წყალს ტაძარს, საპატრიარქო ტახტს და მრევლს ასხურებს. მსახურების ბოლოს უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს.
დღესვე სამების ტაძრიდან მამა ილია კარტოზიას ცხედარს სვეტიცხოველში გადაასვენებენ. დღის ბოლოს კი, ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა ჩატარდება.
წმინდა სახარებით, უფალმა იესო ქრისტემ იორდანეში ნათელი იღო, რომლის დროსაც მასთან მტრედის სახით სულიწმინდა გადმოვიდა, ზეციდან კი ხმა გაისმა, რომ იგი არის ძე ღმრთისა. ამით სამების ერთარსებობა გამოჩნდა.