საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიაში რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მისი გავრცელება საქართველო-სომხეთის საერთო მტრების სურვილს წარმოადგენს
სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ლევონ ისახანიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა, სრული აბსურდია.
„ეს არის სრული ტყუილი, სომხურ მხარეს იუნესკოსთვის მსგავსი სახის თხოვნით რომ მიემართა, ეს ჩვენს გარეშე ვერ მოხდებოდა. თავდაპირველად ეს დეზინფორმაცია “ვესტი კავკაზამ“ ადგილობრივ ჟურნალისტზე დაყრდნობით გაავრცელა. ჩვენ მაშინვე მოვახდინეთ რეაგირება და მათ მივწერეთ პასუხი, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ჩვენი წერილის გამოქვეყნება ვთხოვეთ, თუმცა მათ წერილი არ გამოქვეყნეს. შემდეგ წერილი “რეგნუმს“ გავუგზავნეთ და მათ მართლაც გაავრცელეს წერილი, სადაც ეწერა, რომ იუნესკოსთვის მიმართვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ვფიქრობ, მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელება საქართველოს და სომხეთის საერთო მტრების სურვილს წარმოადგენს“, – განაცხადა ლევონ ისახანიანმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა.