უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის დასჯადობასთან დაკავშირებული ცვლილება კიევის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ქართველებს არ ეხებათ

უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის დასჯადობასთან დაკავშირებული ცვლილება კიევის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ქართველებს არ ეხებათ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განმარტებით, უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის დასჯადობასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ ეხება იმ ქართველებს, რომლებიც კიევის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ.

"ამან ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია. არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება კანონიერ ფორმირებებს და ის კითხვები და წუხილი, რომელიც გაჩნდა უსაფუძვლოდ, თითქოსდა ეს ეხება იმ ქართველებს, ვინც კიევის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ, საფუძველს არის მოკლებული. აქ საუბარია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო ფორმირებებზე და არავითარ შემთხვევაში იმ მოქალაქეებზე, ვინც ხელისუფლების გვერდით იბრძვის", - განუცხადა დღეს ლევან იზორიამ ჟურნალისტებს.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა მიზეზით შედის სისხლის სამართლის კოდექსში ახალი, 312-ე პრიმა მუხლი, რომლითაც უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დასჯადი ხდება.

"ჩვენ, ბუნებრივია, გვქონდა ასეთი ქმედება, დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით, როდესაც საქართველოს მოქალაქე თუ საერთაშორისო ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, მაგრამ ის აქტივობები, რომლებიც ახლა სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში არ უკავშირდება კლასიკურად ტერორისტული ორგანიზაციების მცნებას. ამიტომ იმ პრაქტიკას ვიყენებთ, რომელიც საერთაშორისოდ არის მიღებული, სადაც ამ მცნებით, რასაც ჰქვია უკანონო ფორმირება, უკვე ყველა ტიპის ტერორისტული საქმიანობა იქნება მოცული. აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყანაში უკანონო ფორმირებაში მონაწილეობას მიიღებს, ან გაუჩნდება სურვილი გაიაროს შესაბამისი წვრთნა, ან ვინმეს გადაიბირებს ასეთ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის, დაისჯება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - განაცხადა ლევან იზორიამ.